სომხეთი

სომხეთში აქციები გრძელდება, დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

Karen Minasyan/AFP via Getty Images

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება და დემონსტრანტები პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. პროტესტის ათობით ათასი მონაწილე აპროტესტებს სომხეთის ბოლოდროინდელ ტერიტორიულ დათმობებს აზერბაიჯანთან. 

აღნიშნული საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი ლიდერია ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და დემონსტრაციას აორგანიზებს მოძრაობა "ტავუში სამშობლოსათვის". აზერბაიჯანთან ტერიტორიებზე შეთანხმების შემდეგ სომხეთმა სწორედ ტავუშის რეგიონის რამდენიმე სოფელი დათმო.

მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა 10 მაისს თქვა, რომ არ გამორიცხავს საკუთარი თავის პრემიერმინისტრის კანდიდატად წარდგენას. როგორც ცნობილია ბაგრატ გალსტანიანს სომხეთის და კანადის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მან მოუწოდა სომხეთის მოქალაქეებს დაიწყონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ქმედებები პროტესტის ნიშნად, 

გასულ თვეში, სასაზღვრო შეტაკებებისა და დაძაბულობის ფონზე, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებაზე ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ. საუბარი იყო სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. 

როგორც განცხადებაში ეწერა, საზღვარი გაივლებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრების მოხაზვა გადაწყდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებდა. იგეგმება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის სხვა მონაკვეთებზე გაგრძელებაც.

კომენტარები