რუსული კანონი

კრამონი: თუ კანონს არ გაიწვევენ, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას მოვითხოვდი

ტაბულა

ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ ექნება და კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას მოითხოვდა. ამის შესახებ ფონ კრამონმა ნიკა გვარამიასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა

"გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ იქნება, თუ ამ კანონს არ გაიწვევენ. არ შეიძლება ევროპულ ღირებულებებს ასეთი კანონით დაუპირისპირდე და მერე წევრობა მოითხოვო. ჩემი თვალსაზრისით, ეს შეუძლებელია, ამიტომ ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას მოვითხოვდი, რა თქმა უნდა". - თქვა ფონ კრამონმა. 

კითხვაზე პასუხი ასევე გასცა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ. ისიც ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკებების დაწყების არანაირი შანსი არ იქნება. 

„დარწმუნებული ვარ, ჩემი ჯგუფის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყების არანაირი გზა არ არსებობს ასეთი ქცევით, ასეთი კანონით, ასეთი პრორუსული პოლიტიკით“.  - თქვა

ანა ფოტიგამ  თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაშიც, ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნების გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნების მომხრეა. 

"მინდა ვთქვა, რომ ყოყმანით, მაგრამ მაინც ვუჭერ მხარს კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, რადგან ამჯერად კიდევ ერთხელ მტკიცდება ქართველი ხალხის ნება და იმედი მაქვს, რომ ეს ნება მომავალ არჩევნებში ნათლად იქნება წარმოჩენილი. [...] მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს ქართველ ხალხს. არის მასობრივი პროტესტები". - თქვა ფოტიგამ. 

პეტრას აუსტრევიჩიუსმა დაამატა, რომ რუსული კანონი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ცხრა ნაბიჯიდან, სულ მცირე, ორს ეწინააღმდეგება. 

"კანონი "უცხოურ გავლენების შესახებ" უპირისპირდება, სულ მცირე, ორ ნაბიჯს ცხრიდან, რომლებიც საქართველოსთვის ნათელყოფილია და კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლად სჭირდება. როგორ უნდა ელოდო წინ მოძრაობას, თუ არსებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებ?". - თქვა აუსტრევიჩიუსმა. 

კომენტარები