ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირანის უმაღლესი ლიდერი: ისრაელზე თავდასხმით ირანმა საკუთარი ძალა აჩვენა

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს, 21 აპრილს, ირანის შეიარაღებულ ძალებს ისრაელზე მიტანილი თავდასხმისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ იერიშით ქვეყანამ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახერხა.

ხამენეის თქმით, "ისრაელის მიერ ჩამოგდებული რაკეტებისა და დრონების რაოდენობა მთავარი კითხვა არ არის, არამედ უმთავრესი ისაა, რომ ამ ოპერაციის დროს ირანმა საკუთარი ძალა აჩვენა".

14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ "ბოლო ოპერაციის დროს, [ირანის] შეიარაღებულმა ძალებმა ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა და მოგების მაქსიმუმამდე გაზრდა მოახერხეს". ამასთანავე, ხამენეიმ არმიის მაღალჩინოსნებს მოუწოდა, "სამხედრო ინოვაციებს შეუჩერებლად მისდიონ და მტრის ტაქტიკა შეისწავლონ".

ირანის თავდასხმის შემდეგ, 19 აპრილის ღამეს, ისრაელმა ისპაანში, ირანის საჰაერო თავდაცვის ბაზაზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა ირანული წყაროები შემთხვევის გაშუქებისას ისრაელს არ ახსენებდნენ და წერდნენ, რომ აფეთქება ქვეყნის გარედან მომავალ თავდასხმას არ უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ისპაანში 19 აპრილის ღამეს აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა. 

კომენტარები