რუსეთი-მოლდოვა

მოლდოვიდან გაქცეულმა პრორუსმა ილან შორმა საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადა

ილან შორი
Ria

მოსკოვში მოლდოვური ოპოზიციის პრორუსული წარმომადგენლები, მათ შორის გაქცეული მილიარდერი ილან შორი და გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული შეიკრიბნენ.

შეკრებაზე გამოსულმა შორმა ახალი პოლიტიკური ბლოკის დაფუძნების შესახებ განაცხადა, რომელიც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"დღეს ჩვენ ვაცხადებთ რომ შეიქმნა საარჩევნო ბლოკი პობედა-ვიქტორია". – ამბობს შორი.

შორის თქმით, პოლიტიკური გაერთიანება მზადებას იწყებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ევროკავშირში შესვლის რეფერენდუმისთვის.

"ოპოზიციონერებს შეხვედრის გამართვა მოსკოვში გვიწევს, ვინაიდან მოლდოვა დაპყრობილი სახელმწიფოა. დღეს მოლდოვაში ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს ხმის უფლება აქვს წართმეული. შინაარსობრივად, დღეს მოლდოვაში ჩამოყალიბებულია გულაგი. ნებისმიერი პოლიტიკური ღონისძიება დაპატიმრებით მთავრდება". – ამბობს შორი.

20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მოლდოვაში ევროკავშირში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

ილან შორი მოლდოველი მილიარდერი და პოლიტიკოსია, რომელსაც 1 მილიარდი დოლარის გაფლანგვა და თაღლითობა ედება ბრალად. 2020 წელს პროდასავლელი მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ შორი ძებნილად გამოცხადდა, ბიზნესმენი ისრაელში გაიქცა.

2023 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პრორუსი მილიარდერის მიერ დაფუძნებული პარტია შანსი დარეგისტრირდა. მოგვიანებით პარტია არჩევნებიდან მოხსნეს, ორგანიზაციას ფინანსების უკანონო მოპოვებაში ედება ბრალი.

კიდევ ერთი აქტიური პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვში გამართულ კრებას დაესწრო, გაგაუზიის არჩეული ლიდერი ევგენია გუცულია, რომელიც ღიად მხარს უჭერს რუსეთს და მოლდოვის ევროკავშირთან ინტეგრაციის წინააღმდეგია.

კომენტარები