ევროპარლამენტის არჩევნები

დე კროო: ევროპარლამენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიება დავიწყეთ

ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდერ დე კროს თქმით, ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიება დაიწყო.

ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერის თქმით, ბელგიის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა ქსელის არსებობა, რომელიც  უკრაინის მხარდაჭერისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

დე კროს განმარტებით, მოსკოვის მიზანია ევროპარლამენტში რაც შეიძლება მეტი პრორუსი კანდიდატი შევიდეს.

"მათი მიზანი ნათელია: უკრაინის დახმარების შესუსტება ბრძოლის ველზე რუსეთს ემსახურება და ეს რეალური მიზანი გასულ კვირაში გამოვლინდა". - თქვა დე კრომ.

ამავდროულად, გასულ კვირაში პრორუსული ქსელის გამოვლენაზე ჩეხეთის მთავრობამაც ისაუბრა. ჩეხეთისა და პოლონეთის დაზვერვის სამსახურების ცნობით, გამოცემა Voice of Europe-ს მოსკოვი აფინანსებდა და მათი მეშვეობით საკუთარ პროპაგანდას ავრცელებდა. გამოცემას ბრალდებისთვის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ბელგიის პრემიერმინისტრის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა პრორუსული ქსელების არსებობა ბელგიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

"გამოძიება აჩვენებს, რომ მოსკოვი ცდილობდა ევროპარლამენტის კონკრეტულ წევრებთან მოლაპარაკებას და ასევე, ფულს უხდიდა კონკრეტულ ევროპარლამენტარებს რუსული დღის წესრიგის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის". - თქვა დე კრომ.

ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება.

კომენტარები