ევროპარლამენტის არჩევნები

ბრიტანეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში ბრექსითის პარტიამ გაიმარჯვა

ნაიჯელ ფარაჟი
Reuters

გუშინ ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. იმის გამო, რომ ევროკავშირის დატოვება დაწესებულ ვადაში ვერ მოახერხა, არჩევნებში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმაც მიიღო.

ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება ნაიჯელ ფარაჟის მიერ შექმნილმა ახალმა, ბრექსითის პარტიამ მოიპოვა. მათ 28 ადგილი მიიღეს.

მეორე ადგილი ევროკავშირში დარჩენის მომხრე ლიბერალ-დემოკრატებმა დაიკავეს. მათ 15 ადგილი მოიპოვეს. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით დიდი დანაკარგი აქვთ კონსერვატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. ლეიბორისტულმა პარტიამ 10, მწვანეთა პარტიამ 7, ხოლო კონსერვატიულმა პარტიამ 3 ადგილის მოპოვება შეძლეს.

ევროკავშირის არჩევნებში მონაწილეობა ბრიტანელი ამომრჩევლების 37%-მა მიიღო.

ფარაჟის თქმით ამ ორ მთავარ პარტიას შეუძლია ამ შედეგებისაგან "დიდი მესიჯი" მიიღოს. მან ბრექსითის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოითხოვა.

"ჩვენც უნდა ვიყოთ გუნდის ნაწილი ახლა, ეს ნათელია." თქვა მან და აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს:

"თუ ამ დღეს არ დავტოვებთ, შეგიძლიათ ელოდოთ, რომ ბრექსითის პარტია ასეთი სიურპრიზს შემდეგ არჩევნებშიც გაიმეორებს." თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს. ტერეზა მეიმ პრემიერმინისტრის პოსტი გასულ კვირას დატოვა. მისი შემცვლელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით ევროპარლამენტში ყველაზე დიდ ბლოკად კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპული სახალხო პარტია რჩება. შედეგები გააუმჯობესეს ლიბერალურმა და მწვანეთა პარტიებმა, ასევე ნაციონალისტურმა პარტიებმა.

შედეგები მიხედვით სახალხო პარტიას კოალიციის შესაქმნელად მხოლოდ სოციალისტურ და დემოკრატიულ ბლოკებთან თანამშრომლობა აღარ ეყოფა და ლიბერალური და მწვანეთა პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდება.

სახალხო პარტიამ 179 ადგილი მოიპოვა. შედარებისათვის 2014 წელს მათ 216 ადგილი მიიღეს. სოციალისტებისა და დემოკრატების მიერ მოპოვებული ადგილების რაოდენობა კი 191-დან 150-მდე შემცირდა.

პოპულისტური და ულტრა-მემარჯვენე პარტიებმა 58 ადგილის მოპოვება შეძლეს, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 18-ით მეტია, ხოლო თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფმა, რომელშიც ბრექსითის პარტიაც შედის მოსალოდნელზე მეტი, 56 ადგილი მიიღო.

კომენტარები