რუსული კანონი

ფარკასი: ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა Accent-თან ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. 

ფარკასის თქმით, აღნიშნული კანონის მიღებას, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვეს. 

"ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს უკვე დაურღვევია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამ კონტექსტში, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავდა სანქციების დაწესებას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს აფინანსებს და აწვდის შესაბამის რესურსებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოოს" – ამბობს ფარკასი.

9 აპრილს, აშშ-ს საგარეო უწყების, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით.

მილერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო აცდება ევროპულ გზას და შეიძლება შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ კანონის მიღებას აშშ-ს მხრიდან შესაძლოა საპასუხო ქმედებები მოჰყვეს.

"ამჟამად, ცხადად ვამბობთ, რომ გვაშფოთებს ეს კანონპროექტი, თუ ის წინ წაიწევს, რა შეიძლება გავაკეთოთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს" – თქვა მილერმა. 

 

კომენტარები