ონკოპაციენტების თქმით, გუშინ, 8 მარტს გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ კრიტიკის საპასუხოდ ონკოპაციენტებს უყვირა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. მაშინ, როცა ჩვენ მას ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს, ერთ-ერთმა ონკოპაციენტმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ის გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ზრუნვა არ არის ყვირილი". - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.
ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს 12 მარტს პირველად შეხვდნენ, რა დროსაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა "25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხის მოგვარებას".
25 მარტს ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს და კვლავ ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას.
5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა.
ონკოლოგიური პაციენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმება იყო - მათ გასულ თვეებში რამდენიმე აქცია გამართეს.
გარდა ამისა, პაციენტები ითხოვდნენ, რომ:
- დროულად შემოიტანონ ონკოლოგიური მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული;
- გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.