გამონაბოლქვი

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 7 თვეში 4 568 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 5 აპრილამდე ავტოსატრანსპორტო  საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა - მონაცემები ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის, სტატისტიკას ასახავს. 

"ყველაზე მეტი - 2107 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 977 სამართალდარღვევა აღირიცხა ქუთაისში, 812 - ბათუმში და 672  - რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4568 სამართალდამრღვევიდან 3 955 - ფიზიკური პირია, ხოლო 613 - იურიდიული პირი.

2 767 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1 575 - მიკროავტობუსის, 225 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი - ავტობუსის მძღოლის სახელზე" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კომენტარები