გამონაბოლქვი

მანქანის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო – პირველ ჯერზე მესაკუთრე 100 ლარით დაჯარიმდება

დღეიდან, 4 სექტემბრიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა. გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოებით გააკონტროლებენ.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) -  300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში -  600 ლარით.  იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.  

გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით. ამასთან, ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. 

პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება. 

"გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს  4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება" - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომენტარები