გამონაბოლქვი

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6 თვეში 4 099 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6 თვეში ჯამში 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

"ყველაზე მეტი - 1 895 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 866 სამართალდარღვევა აღირიცხა ქუთაისში, 744 - ბათუმში და 594 - რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 - ფიზიკური პირია, ხოლო 571 - იურიდიული პირი.

აღსანიშნავია, რომ 2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს დაეკისრათ, 1 449 - მიკროავტობუსის, 212 - სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს" - წერია უწყების განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,  2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს აკონტროლებენ. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კომენტარები