გზების დეპარტამენტი

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით - საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

"სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას

პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები