რუსული კანონი

კუპრაძე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს

ლელო

ლელო რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს დაცვის აქტს აინიცირებს - ამის შესახებ ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება რუსული კანონის მიღება და ინიცირება საქართველოს ბიძინა ივანიშვილი.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.

  •  ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავაწესებთ სავიზო რეჟიმს, რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში,
  • ჩვენ დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის,
  • ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვას,
  • ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსულნომრიანი ავტომანქანების შემოდინებას,
  • ჩვენ ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას,
  • ჩვენ დავუწესებთ "საოკუპაციო მოსაკრებელს" რუსულ ბიზნესს, რომლითაც მხარს დავუწერთ დევნილებს საქართველოში,
  • ჩვენ დავაწესებთ აკრძლვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, 
  • ჩვენ ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას,
  • ჩვენ ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში" - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები