კრიმინალი

სამტრედიაში მოკლული კაცის მეუღლე ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

სამტრედიაში მოკლული კაცის მეუღლე, რომელიც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დააკავეს და ამჟამად ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

"აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ვითხოვდით, რომ ნატო ხელაძის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება. სამწუხაროდ, ნატო ხელაძის საქმეს დაემატა კიდევ ერთი დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილება, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და დატოვა პატიმრობაში" - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

პროკურატურამ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. გარდაცვლილის მეუღლეს, რომელსაც ბრალი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ედავებოდნენ, ბრალდება დაუზუსტდა და სსკ-ს 370-ე მუხლით შეეცვალა, რაც პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები