არჩევნები 2024

ხაბეიშვილმა და ვაშაძემ "დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას" პრეზენტაცია წარადგინეს

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში “დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას” პრეზენტაცია წარადგინეს.

"ჩვენ დღეს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად გვინდოდა წარმოგვედგინა, თუ რა არეალობაში ცხოვრობს დღეს საქართველო. კაპიკები ხელფასების სახით, გაზრდილი ფასები, რომელიც ყოველდღე გაუსაძლის ხდის ქვეყანაში ცხოვრებას და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადის ქვეყნიდან.

ეს არის ის რეალობა, რაშიც დღესდღეობით საქართველი ცხოვრობს და ხელისუფლება ცდილობს, კიდევ ერთხელ აგვაცდინოს ევროპულ გზას. რუსული კანონი ისევ პრიორიტეტად გამოგვიცხადა ამ ქვეყანაში. როდემდე უნდა იყოს თქვენ მიერ უგულებელყოფილი ადამიანის პრობლემა, როდემდე უნდა იყოს ასეთ მძიმე მდგომარეობაში ადამიანი, ხომ აუცილებელია, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე? - არაფერი, ხელისუფლების ცვლილების გარდა, ამას არ უშველის" - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთი ამოცანა უნდა ჰქონდეს, რომ არ დავკარგოთ ევროკავშირი. 

"ის, რა პრობლემებიც ჩვენ გვაქვს, რუსეთი, ივანიშვილის ხელით ცდილობს, იქნებ ამაზე არ ვისაუბროთ, იქნებ პედაგოგის პრობლემაზე არ ვისაუბროთ, რომელსაც, მათ შორის, ბაღებში კიდევ უფრო კატასტროფული სიტუაციაა, სადაც 300, 400, 500 ლარზე უწევთ მუშაობა. ეს კანონი რომ შემოიტანეს, მარტივი კითხვა დაუსვით საკუთარ თავს, ერთი წელია, რომ ამაზე ფაქტობრივად ჭიდაობენ, ვის რა სიკეთე მოგეცემათ ამ კანონით? - პროდუქტები გაიაფდება, კომუნალურები დაიკლებს, ხელფასები მოგემატებათ, სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუ ემიგრანტები დაბრუნდებიან? - ეს კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ ივანიშვილმა, ე. წ. პატაკი ჩააბაროს რუსეთს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

 

კომენტარები