რუსული კანონი

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – შვედეთის საგარეო რუსულ კანონზე

Reuters

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმაურება და წერს, რომ მმართველი პარტიის ქმედება "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".

"ქართული ოცნების განცხადება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა". - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი მარტის აქციების შემდეგ ჩავარდნილი კანონპროექტის ტექსტის იდენტურია. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდა ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები