რუსული კანონი

ონლაინ მედიები: არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას

ონლაინ მედიებმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საერთო განცხადება გაავრცელეს.

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს. რუსულმა კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა" - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები