ახალი რუსული კანონი

სრული სიცრუეა, რომ გრანტი ლგბტ პროპაგანდისთვის მივიღეთ – მთავარი არხი

მთავარი არხი

მთავარი არხი ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხმა გრანტი ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად მიიღო, უარყოფს და დეზინფორმაციად მოიხსენიებს

"ხელისუფლებისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ დასახელებულ კონკრეტულ მიზნებს - თითქოს, მთავარმა არხმა მიიღო გრანტი სასამართლოს დისკრედიტაციისა და ლგბტ-პროპაგანდისთვის, ეს არის თავად ხელისუფლების მიერ გამოგონილი სრული სიცრუე, რაც მარტივად ამოსაცნობია: ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა თუ სტატიებში არ არის მოყვანილი არცერთი ირიბი მტკიცებულებაც კი მსგავსი ბრალდების გასამყარებლად - არც სიტყვიერი, არც დოკუმენტური.

ხელისუფლებისა და სამთავრობო არხების მხრიდან განზრახ ტყუილის გავრცელება არის იმ "რუსული კანონის" ოპერაციის გაგრძელება, რომელიც გასული წლის მარტში, ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებამ ვერ გაიტანა. ნიშანდობლივია, რომ ქვეყანაში მძიმე მოვლენების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების უპრობლემოდ მუშაობის ფონზე, ხელისუფლებისა და მისი მედიებისთვის კერძო ტელეკომპანიის მიერ გრანტის სავარაუდო მიღება უფრო მნიშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა" - წერია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა და ქართული ოცნების პროპაგანდისტულმა POSTV-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მთავარმა არხმა უცხოეთიდან გრანტის ნაწილი (სრული გრანტის 5-6%) მიიღო "ლგბტ პროპაგანდის საკითხის ირიბი მხარდაჭერისთვის". 

იქამდე, მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არხმა გრანტი ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე მოიგო. 

"იმედმა და პოსტივიმ დამირეკეს, ლგბტ პროპაგანდის გრანტი მოიგო მთავარმაო. მთავარმა გრანტი კი მოიგო (გასკდით გულზე ქოცნო), მაგრამ ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე. რაც შეეხება პროპაგანდაში "გრანტებს", მაგას ბიძინა აცხადებს და იმედი, პოსტვ და რ2 იგებენ ყოველთვის" - წერს გვარამია. 

კომენტარები