რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: აშშ-ს დახმარების გარეშე უკან დახევა მოგვიწევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Petras Malukas/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუკი აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინას დროულად ვერ მიაღწევს, უკრაინის ძალები თანდათან ტერიტორიას დაკარგავენ.

"თუ არ იქნება აშშ-ს დახმარება, ეს ნიშნავს, რომ არ გვექნება საჰაერო თავდაცვა, არც Patriot-ის რაკეტები, არც ჩამხშობები ელექტრონული ომისთვის, არც 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები". - განაცხადა ზელენსკიმ The Washington Post-თან საუბრისას.

მისი თქმით, "ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკან წავალთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიხევთ".

"თუკი ფრონტის ხაზის დასაცავად დღეში 8 000 ჭურვი გჭირდება, მაგრამ, მაგალითად, მხოლოდ 2 000 გაქვს, უფრო ნაკლების გაკეთება გიწევს". - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "თუ ეს [ფრონტის ხაზი] გატყდება, რუსებმა შესაძლოა დიდ ქალაქებში შესვლა შეძლონ".

აშშ-სგან სამხედრო დახმარების შეფერხების ფონზე, უკრაინა სამხედრო მასალების მარაგების, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების, ნაკლებობას განიცდის. უკვე რამდენიმე თვეა, რაც აშშ-ს კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე ვერ თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა უკრაინის დახმარების მომხრეა.

17 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ დასახლება ავდიივკიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების მიღება გამოაცხადა, რაც თვეების განმავლობაში ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის პირველი შემთხვევა იყო.

ამავე დღეს ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის მიერ "ასეთი მამაცური და გმირული" ბრძოლის შემდეგ მათთვის აშშ-ს მხრიდან დამატებითი დახმარების არ მიწოდება "არაეთიკურია".

"იდეა, რომ ახლა მათ საბრძოლო მასალები ეწურებათ და ჩვენ მივატოვებთ - აბსურდული მგონია. ვფიქრობ, რომ არაეთიკურია. ვთვლი, რომ იმ ყველაფრის საწინააღმდეგოა, რასაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, წარმოვადგენთ". - თქვა ბაიდენმა.

ამას გარდა, ბაიდენის თქმით, იგი არაა დარწმუნებული, რომ სხვა უკრაინული ქალაქებიც ავდიივკის ბედს არ გაიზიარებენ.


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები