რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულა" უაზრო და მიუღებელია

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ შეთავაზებული მშვიდობის გეგმა უაზროა, რადგან ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მოთხოვნა რუსეთისთვის მიუღებელია. გაზეთ Izvestia-სთან საუბრისას ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის დისკუსიისთვის და მშვიდობის სამიტი ვერ იქნება წარმატებული, თუ რუსეთს მასში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემა.

"ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ, გვქონდეს დისკუსია, თუმცა, არა ზელენსკის მიერ შემოთავაზებული "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე. როგორ შეუძლია, რომელიმე სერიოზულ პოლიტიკოსს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, ან პარიზში, თქვას, რომ ზელენსკის ფორმულის ალტერნატივა არარსებობს?" – თქვა ლავროვმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "მშვიდობის ფორმულა" პირველად 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ოცეულის (G20) სამიტზე წარადგინა.

სამიტზე გამოსვლის შემდგომ, ზელენსკიმ საკუთარ Telegram-ზე დაწერა ის შემოთავაზებები, რაც უკრაინას აქვს და რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. 

უკრაინის შემოთავაზებაში შედის: 1) რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება 2) საკვების უსაფრთხოება 3) ენერგეტიკული უსაფრთხოება 4) ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება 5) გაეროს ქარტიის იმპლემენტაცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა 6) რუსეთის სამხედროების უკან გაწვევა და საომარი მოქმედებების შეჩერება 7) სამართლიანობის აღდგენა 8) ანტი-ეკოციდი 9) დამატებითი ესკალაციის თავიდან არიდება 10) ომის დასრულების საკითხის მოგვარება.

შემდგომ, საუდის არაბეთში 2023 წლის 5-6 აგვისტოს და მალტაში 28-29 ოქტომბერს "მშვიდობის ფორმულასთან" დაკავშირებული მოლაპარაკებები გაიმართა 

რუსეთმა "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან ყველა პუნქტს ეწინააღმდეგება.

კომენტარები