რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა საუდის არაბეთში ზელენსკის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს გამართავს

ანდრეი ერმაკი

საუდის არაბეთი უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ინიციატივას – მშვიდობის ფორმულას, რომელშიც მონაწილეობას დასავლეთი და განვითარებადი ქვეყნები მიიღებენ. რუსეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებს შორის შედგება.

"ჩვენ ვამზადებთ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მომავალ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მალე გაიმართება საუდის არაბეთში." - თქვა ერმაკმა.

მიუხედავად იმისა, რომ ერმაკს შეხვედრის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 5-დან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ამასთან, ერმაკმა თქვა, რომ მშვიდობის ფორმულის თითოეული პუნქტი განიხილება ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფორმატში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან თითქმის ყოველკვირეულად.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ იგი არ გამორიცხავს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას.

აქამდე უკრაინამ და რუსეთმა განმარტეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გარკვეული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. კიევის ცნობით, ქვეყანა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, მაგრამ, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინამ "ახალი ტერიტორიული რეალობა" უნდა მიიღოს.

კომენტარები