ახალი რუსული კანონი

შეწყვიტეთ საკანონმდებლო შეტევა LGBTI უფლებებზე – AMNESTY საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმიანება

© VANO SHLAMOV/AFP via Getty Images

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები დისკრიმინაციულია და საქართველოს ხელისუფლებას LGBT უფლებებზე საკანონმდებლო შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"შემოთავაზებული ინიციატივა ადამიანების უფლებებზე და, განსაკუთრებით, LGBTI ადამიანების უფლებებზე აშკარა თავდასხმაა. შემაშფოთებელია მმართველი პარტიის მიერ ასეთი მავნე ინიციატივის განხორციელება ქვეყანაში, რომელსაც ადამიანის ღირსების პატივისცემის, თავისუფლებისა და ყველასათვის თანასწორობის ღირებულებებზე დაფუძნებული ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის.

ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა პრინციპებს ღალატობს, არამედ უერთდება ყველაზე სავალალო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც LGBTI პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა. შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის იმ უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველასთვის, მათ შორის, გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ ინიციატივაზე დაუყოვნებლივ თქვას უარი და გადადგას რეალური ნაბიჯები რათა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში ყველასთვის რეალობა გახდეს. LGBTI ადამიანებს, ყველა ინდივიდის მსგავსად, აქვთ უფლება იყვნენ დაცული დისკრიმინაციისგან და ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით სრულად და გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებით". - თქვა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

25 მარტს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება.

"გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მხარდაჭერა ახლა თუ არა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო კანონებში ცვლილებებს კი, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მეტი კონკრეტიკა იქნება, ამ წელს გარანტირებულად მივიღებთ". - თქვა მდინარაძემ

კომენტარები