თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ლუკაშენკო ტერორისტებზე: ხედავდნენ, ბელარუსში ვერ შემოვიდოდნენ, ამიტომ უკრაინისკენ წავიდნენ

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელებზე თქვა სიტყვები, რომლებიც ეწინააღმდეგება აქამდე ვლადიმირ პუტინის მიერ გაჟღერებულ ვერსიას, რომ ტერორისტები მიდიოდნენ უკრაინის საზღვრისკენ, სადაც მათ ელოდნენ.

ლუკაშენკო ნაწილობრივ მიჰყვება პუტინის ნარატივს, რომ ტერორისტების უკან გაურკვეველი "კურატორები" დგანან. მისი თქმით, რუსეთის რეგიონების მსგავსად, თავდასხმის პირველივე საათებში ბელარუსის ოლქებშიც უსაფრთხოება გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

"მათ არ შეეძლოთ ბელარუსში შემოსვლა. მათ კურატორებს – ზოგიერთზე გვაქვს ეჭვი, პუტინს დავურეკავ, ვეტყვი ჩემს ეჭვებს – ესმოდათ, რომ ბელარუსში შემოსვლა არ შეიძლებოდა. რადგან პირველ წუთებში ჩვენთანაც, როგორც რუსეთში, ოლქების ნაწილი უსაფრთხოების გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ პირველივე წუთებში ჩამაბარა ანგარიში. ჩვენ საბრძოლო მდგომარეობაში მოვიყვანეთ ჩვენი ქვედანაყოფები." – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ამოქმედდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ძალები, სასაზღვრო კომიტეტი და სამხედრო ნაწილები, რომლებმაც გზებზე პოსტები განათავსეს. თუმცა, ლუკაშენკო აქ არ გაჩერებულა და თქვა, რომ ტერორისტები თავდაპირველად ბელარუსის მიმართულებით მიდიოდნენ, შემდეგ კი გაბრუნდნენ.

"ამიტომაც, მათ ბელარუსში შემოსვლა არანაირად შეეძლოთ. ისინი ამას ხედავდნენ. ამიტომაც, შემობრუნდნენ და წავიდნენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთისკენ." – თქვა ლუკაშენკომ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კროკუს სითი ჰოლში მომხდარ თავდასხმაზე ამბობდა, რომ ის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელითაა შესრულებული, თუმცა მიაჩნია, რომ დამკვეთები სხვები არიან. პუტინმა ტერაქტში უკრაინა, დასავლეთი და "ნაცისტები" დაადანაშაულა. აქამდე ის ირწმუნებოდა, რომ ტერორისტები მიდიოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ. ამ ბრალდებებს უკრაინა უარყოფს.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

კომენტარები