თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ამჯერად ФСБ-ს მეთაური ირწმუნება, რომ ტერაქტის უკან უკრაინა, აშშ და ბრიტანეთი დგას

ალექსანდრ ბორტნიკოვი

ვლადიმირ პუტინისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევის შემდეგ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეთაური, ალექსანდრ ბორტნიკოვი ირწმუნება, რომ კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა, აშშ და დიდი ბრიტანეთი დგას.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ვსაუბრობთ იმ ფაქტებზე, რაც გაგვაჩნია. ეს საზოგადო ინფორმაციაა, თუმცა, ამასთან ერთად, შინაარსობრივად ძალიან ღრმაა." – უპასუხა ბორტნიკოვმა კითხვას, რომელიც ტერაქტში უკრაინის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას ეხებოდა.

ბორტნიკოვს, ისევე, როგორც მის წინამორბედებს, საკუთარი სიტყვების არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენია.

გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კროკუს სითი ჰოლში მომხდარ თავდასხმაზე ამბობდა, რომ ის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელითაა შესრულებული, თუმცა მიაჩნია, რომ დამკვეთები სხვები არიან. პუტინმა ტერაქტში უკრაინა, დასავლეთი და "ნაცისტები" დაადანაშაულა.

ამის შემდეგ, 26 მარტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევიც ირწმუნებოდა, რომ კროკუს სითი ჰოლზე მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა დგას.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

კომენტარები