საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

როდესაც რიგი იმაზე დიდია, ვიდრე სტადიონზე ადგილები – რა არის გამოსავალი?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

როდესაც რიგი იმაზე დიდია, ვიდრე სტადიონზე ადგილები – რა არის გამოსავალი?

ბოლო დღეებში ფეხბურთმა ქართული საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო - 21 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე ჩატარებულ მატჩში ლუქსემბურგის ნაკრებს 2:0 მოუგო და, შესაბამისად, ერთა ლიგის ფინალში გადავიდა, რომელიც დღეს, 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.

გამარჯვების ეიფორიას ბუნებრივად მოჰყვა ფინალისადმი გაზრდილი ინტერესი და საქართველო-საბერძნეთის თამაშის ბილეთებზე მოთხოვნის ზრდაც, რასაც, თავის მხრივ, თან დაერთო მასობრივი დისკომფორტი, იმედგაცრუება და შფოთი - სოციალურ ქსელებში მრავალი წერს, რომ ბილეთის ყიდვა ვერ მოახერხა და შეძენის პროცესი პრობლემურია.

საზოგადოების უკმაყოფილება ასევე ბილეთების გადამყიდველებისკენ არის მიმართული, რომლებიც შეზღუდულ რესურსზე მაღალი მოთხოვნით და ყიდვა-გაყიდვის პროცესის ხარვეზებით სარგებლობენ და ნაყიდი ბილეთებით შავ ბაზარზე ვაჭრობენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესების მიხედვით, ერთ ადამიანს მხოლოდ ოთხი ბილეთის ყიდვა შეუძლია.

ამ პრობლემების ფონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა ნაწილმა პეტიციაც შეადგინა.

„იმ მატჩებისას, რომელთა მიმართაც დიდი ინტერესია, ყოველთვის იქმნება ტექნიკური პრობლემა და ბილეთების ყიდვა გაუგებარი პრინციპით მიმდინარეობს. ასე მოხდა საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების შეძენის დროსაც - გაუმართავი  სისტემის გამო უამრავი ისეთი ადამიანი ვერ მიდის თამაშზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ გამოუტოვებია ნაკრების თამაშები მიუხედავად იმისა, ესპანეთს ვხვდებოდით თუ გიბრალტარს. ასეთი გულშემატკივრებისთვის ორმაგად და სამმაგად უფრო გულდასაწყვეტია ბილეთის ვერ შეძენა”. - წერია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის სააბონენტო სისტემის დანერგვასა და ბილეთების გაყიდვის პლატფორმების გამრავალფეროვნებას ითხოვენ. მათი თქმით, ნაკრების დიდი ხნის გულშემატკივრებს ყოველი წლის დასაწყისში უნდა შეეძლოთ შედარებით მაღალ ფასად შეიძინონ აბონემენტები, რომლებიც წლის განმავლობაში შინ ჩატარებულ ყველა თამაშზე დასწრების საშუალებას მისცემთ. გარდა ამისა, პეტიციის შემდგენების თანახმად, თუ პროცესი მხოლოდ tkt.ge-ზე არ იქნება დამოკიდებული, მეტნაკლებად გაუმჯობესდება და გამარტივდება.

სააბონემენტო სისტემის შემოღება, ალბათ, წაადგებოდა კიდეც მონდომებულ გულშემატკივრებს და მათ პრობლემებს შეამსუბუქებდა, მაგრამ შესაძლო გამოსავლების ძიებამდე, განვიხილოთ - რა არის ამ ქაოსის ძირეული მიზეზი?

ხელმიუწვდომელი ბილეთი ხელმისაწვდომ ფასად

შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემის საფუძველი შემდეგში მდგომარეობს - შეზღუდულ საქონელზე, ბილეთებზე,  საზოგადოებრივი ინტერესის გამო უცბად მაღალი მოთხოვნა წარმოიქმნა, რომელსაც რესურსების განაწილების მოქმედი სისტემა ეფექტიანად ვერ აკმაყოფილებს.

ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა ტექნიკურ ხარვეზებთან იყოს დაკავშირებული, მაგალითად, ინტერნეტ-ტრაფიკის სიჭარბის გამო სერვერის გადატვირთვასთან, ან ვებგვერდის ალგორითმში რაიმე სახის დარღვევასთან, რომლის გამოც ის რიგის ნომერს არასათანადოდ ანაწილებს.

მეორე მხრივ, პრობლემის არსობრივი ნაწილი ისაა, რომ ყიდვა-გაყიდვის დაწყებისთანავე ზედმეტად ბევრი მსურველი ცდილობს ბილეთები რაც შეიძლება მალე "დაიტაცოს" და, როგორც გულნატკენი გულშემატკივრები აღნიშნავენ, მათ შორის ბევრი გადამყიდველიც, რომელთა მიზანი ძვირფასი რესურსის იაფად ყიდვა და ძვირად გაყიდვაა.

ტაბულასთან საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ არსებული საფასო სტრატეგია მიზნად ბილეთების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ისახავს. ამიტომ, ახლანდელი სისტემით, ფეხბურთის მატჩებზე ბილეთები შედარებით იაფია, მათი ღირებულება ფიქსირებულია და 4 კატეგორიად არის დაყოფილი: 10, 20, 30 და 50 ლარიან ბილეთებად.

ფასწარმოქმნის ეს სისტემა გამართულად მუშაობს მაშინ, როცა თამაშზე დასწრების მსურველთა რაოდენობა სტადიონის ტევადობას საგრძნობლად არ აჭარბებს. საქართველო-საბერძნეთის თამაშის ბილეთის რიგში კი 337 600 ადამიანი იდგა, როცა სტადიონი 54 139 ადამიანს იტევს და ბილეთები რეკორდულად სწრაფ დროში, 6 საათში გაიყიდა - ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას იმგვარი პრობლემები, რომლებსაც ახლა ვაწყდებით და ბილეთები, მათი ხელმისაწვდომი ფასის მიუხედავად, ბევრისთვის ხელმიუწვდომელი დარჩეს. 

გარკვეული თვალსაზრისით, იმაზე უფრო მეტად, რომ ბილეთები ყველას არ შეხვედრია, ფეხბურთის გუნდის ქომაგთა უკმაყოფილება, მათი თქმით, საბოლოო განაწილების უსამართლობამ გამოიწვია. ისინი ხაზს უსვამენ, რომ "ნამდვილი მხარდამჭერების" ნაცვლად ბილეთებს გადამყიდველები ეპატრონებიან და, პრინციპში, იმ იდეაზე აპელირებენ, რომ რესურსი უნდა ჰქონდეს მას, ვინც მეტად დააფასებს.

სავარაუდოდ, სააბონენტო სისტემა და პლატფორმათა მრავალფეროვნება აღნიშნულ პრობლემებს, ასე თუ ისე, პასუხს გასცემდა - გულმოდგინე ფანები თადარიგს დაიჭერდნენ და ყოველ წელს აბონემენტს იყიდდნენ, შედეგად ბილეთები მივიდოდა მასთან, ვინც მეტად აფასებს, მეორე მხრივ, ბილეთების ყიდვა-გაყიდვისთვის სხვადასხვა პლატფორმის არსებობა მომხმარებელთა ნაკადს სხვადასხვა ადგილას გადაანაწილებდა, რითაც სერვერებზე დატვირთვა ნაკლები იქნებოდა და რიგიც შემცირდებოდა.

თუმცა, ამ პრობლემას შეგვიძლია, სხვაგვარადაც მივუდგეთ - განვიხილოთ საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ასეთ სიტუაციებს ეფექტურად პასუხობს და ადგილობრივად არსებული პრაქტიკის ნაკლებ სისტემურ ცვლილებასაც საჭიროებს.

რა არის დინამიკური ფასწარმოქმნა?

დინამიკური ფასწარმოქმნა გულისხმობს, რომ პროდუქტის ფასი არ არის განყენებული და ერთგვაროვანი, არამედ გარეგანი ფაქტორების საპასუხოდ, მაგალითად კონკურენტთა ფასის, შეკვეთის დროის, მოთხოვნის თუ ტრაფიკის ზრდის მიხედვით დინამიკურად განისაზღვრება. მაგალითად, მომხმარებელს რაიმეს ყიდვა უფრო იაფი უჯდება თუკი ნაადრევად იყიდის, ვიდრე გვიან.

საფასო დისკრიმინაციის მარტივი, ნაკლებად დახვეწილი ფორმები ყოველთვის არსებულა - ამის ერთ-ერთ ნაირსახეობას პენსიონერებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ფასდაკლებებიც წარმოადგენს. თუმცა, დინამიკური ფასწარმოქმნა, უფრო ზუსტი გაგებით, პირველად 1980-იანებში, რობერტ კრანდალმა, American Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დაამკვიდრა. მისი სისტემით, წინასწარ ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები შედარებით იაფი, ხოლო გაშვების დროის მოახლოებასთან ერთად გაყიდული ბილეთები უფრო ძვირი იყო.

დღეს ასეთ სისტემას მსოფლიოში მრავალ კომპანია იყენებს და მის დახვეწასა და გავრცელებას ინტერნეტ-ვაჭრობის პოპულარიზაცია და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უწყობს ხელს - ტექნოლოგიის მეშვეობით რეალურ დროში კომპლექსური კალკულაციების უნარის დახვეწასთან ერთად დინამიკური ფასწარმოქმნა კომპანიებისთვის უფრო და უფრო მეტად მიმზიდველი ხდება, რადგან ყველაზე სარგებლიანი ფასის განსაზღვრისა და მოგების მაქსიმიზაციის  საშუალებას აძლევს.

საერთაშორისო ბაზარზე დინამიკურ ფასწარმოქმნას მრავალი დაწესებულება იყენებს, მათ შორის, აეროპორტები (Lufthansa), სასტუმროები (Marriott), ტაქსის აპლიკაციები (Uber), ონლაინ-სავაჭრო ვებგვერდები (Amazon), რიგი სუპერმარკეტები (Walmart) და, ამასთანავე, კონცერტებისა და სპორტული ღონისძიებების ბილეთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმები (Ticketmaster, NFL, NBA).

ქართულ ბაზარზე კი ასეთი სისტემა საკმაოდ იშვიათია. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი კომპანია, რომელიც საქართველოში დინამიკურ ფასწარმოქმნას იყენებს - Bolt-ია.

"როდესაც გამოძახებაზე მოთხოვნა იზრდება (მაგალითად, პიკის საათის, ამინდის ექსტრემალური პირობებისა თუ მასშტაბური ღონისძიებების დროს), მგზავრობის ტარიფი სტანდარტულთან შედარებით შესაძლოა გაიზარდოს. [...]

ზემოთ აღწერილი ტარიფების ცვლილებების გამო, ერთი კონკრეტული ადგილიდან მეორე ლოკაციამდე მგზავრობა შეიძლება ყოველთვის არ იყოს ერთი და იგივე ღირებულების". - წერია Bolt-ის ვებსაიტზე.

Bolt-ის აპლიკაციის ეს მახასიათებელი შეიძლება ქართველ მომხმარებელთა უმეტესობისთვის ნაცნობი იყოს. სამაგიეროდ, ამ მიდგომის სხვა აპლიკაციებსა თუ მომსახურებებში ნახვა მეტად იშვიათია.

საქართველოში დინამიკურ ფასწარმოქმნას არც იმ საბაზრო სფეროებში მომუშავე მსხვილი კომპანიები იყენებენ, რომლებიც მსოფლიოში ამ სისტემასთან ასოცირდება. 

როგორც Vendoo-ს, Veli Store-ისა და tkt.ge-ის წარმომადგენლებმა ტაბულას უთხრეს, ისინი ვებგვერდზე დინამიკურ ფასწარმოქმნას არ იყენებენ და ამ ვარიანტის არჩევის საშუალება საქონლის განმთავსებელს არ აქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Vendoo-ს წარმომადგენლის თქმით, ისინი დინამიკურ მეთოდს ფასდაკლებების განსაზღვრად ხმარობენ, რისთვისაც პროდუქტებზე მოთხოვნას აკვირდებიან.

მართალია, ღონისძიების განმთავსებელს tkt.ge-ზე შეუძლია, დღეების მიხედვით ფასების ცვლილება წინასწარ განსაზღვროს, თუმცა ეს დინამიკური ფასწარმოქმნისგან მკვეთრად განსხვავდება, რადგან ამ დროს ფასის ცვლილება წინასწარაა გაწერილი და მომხმარებელთა ქცევასთან არანაირ ინტერაქციას არ გულისხმობს.

ამგვარად, საქართველოში დინამიკური ფასწარმოქმნა საკმაოდ არაპოპულარულია. მიუხედავად ამისა, ეს პრინციპი, შეიძლება ითქვას, ფეხბურთის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე კარგ პასუხს წარმოადგენს და მსოფლიოში ფართოდ იყენებენ, მათ შორის NFL-ისა და NBA-ს სპორტული ღონისძიებებისთვისაც, რომელთა დასასწრები ბილეთების ფასი გუნდების პოპულარულობით, მატჩის დღის ამინდით და სხვადასხვა ფაქტორით განისაზღვრება.

ბილეთების ყიდვა-გაყიდვის ცნობილი პლატფორმის, Ticketmaster-ის თანახმადაცდინამიკურ ფასებს, სხვა მიზეზებთან ერთად, გადამყიდველების შესაჩერებლად იყენებენ, რომლებსაც ამ ფასწარმოქმნის სისტემით დაბალ ფასად ყიდვისა და ძვირად გაყიდვის შესაძლებლობა უქრებათ. 

ეს სისტემა ასევე ხელს უწყობს, რომ ბილეთი შეხვდეს მას, ვინც პროდუქტს მეტად აფასებს და, შესაბამისად, მზად არის, მეტიც გადაიხადოს.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ შავი ბაზრის არსებობა გადამყიდველობის პრაქტიკის რაციონალური თვალსაზრისით მომგებიანობას გულისხმობს და, შესაბამისად, ხაზს უსვამს, რომ ბაზრის საგრძნობლად დიდი ნაწილი არსებობს, რომლისთვისაც ბილეთი მის ნომინალურ, ფიქსირებულ ღირებულებაზე გაცილებით უფრო ძვირფასია, ამიტომ გაზრდილი მოთხოვნის გამო გაზრდილი ფასის შემთხვევაშიც მზად იქნებოდა, რომ ეყიდა.

თანაც, მოთხოვნაზე დამოკიდებული დინამიკური ფასები მომხმარებლებში ახალისებს ბილეთების სხვადასხვა დროს ყიდვას, რათა დაბალ ფასად შეიძინონ და ამით დიდი რიგებისა და ტექნიკურ ხარვეზების რისკს ამცირებს.

დინამიკური ფასების სისტემის ჩამოთვლილი სარგებელი, ფაქტობრივად, გულშემატკივართა ყველა იმ მოთხოვნებს პასუხობს და აკმაყოფილებს, რომლებიც განვიხილეთ.

ცხადია, ამ სისტემასაც ჰყავს კრიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს სქემა ექსპლუატაციურია - მაგალითად, ზოგი მომხმარებელი Ticketmaster-ზე განთავსებული ბილეთების მაღალი ფასის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მეორე მხრივ, მაღალი მოთხოვნის დროს გაზრდილ ფასებთან ერთად, დინამიკურ ფასწარმოქმნას რიგ შემთხვევებში, ასევე გარეგანი ფაქტორების გამო, ფასის დაწევაც ახასიათებს - მაგალითად Lyft-ის ტაქსის აპლიკაციის შემთხვევაში, როცა მათ "happy-hour pricing" დანერგეს და ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ მომხმარებლებს ნაკლებად დატვირთულ სამუშაო საათებში ფასდაკლებებს სთავაზობდნენ.

კომენტარები