კონკურენციის ეროვნული სააგენტო

მომხმარებლებს მენიუს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ – ბათუმში 6 კაფე დააჯარიმეს

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არსებული 6 კვების ობიექტი მას შემდეგ დააჯარიმა, რაც გაფრთხილების მიუხედავად, ისინი განაგრძობდნენ სტუმრების მომსახურებას არასახელმწიფო ენაზე და მომხმარებლებს მენიუს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ.

ჯარიმის გადახდა დაეკისრა შემდეგ კვების ობიექტებს:

  • ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი;
  • შპს დარიას - 1 088.27 ლარი;
  • ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი;
  • ი/მ ალეკსანდრ ვასილევს - 600 ლარი;
  • შპს ინვესტ ინ ჯორჯიას (კაფე მამა აზია) - 1 789.22 ლარი;
  • შპს ჰარვიდენტს - 600 ლარი.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს." - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში 9 კომპანიას დარღვევის ფაქტი 2023 წლის 28 ნოემბერს დაუდგინა, თუმცა ექვსმა მათგანმა დარღვევა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე საკითხის შესწავლა 2023 წლის ზაფხულში დაიწყო.

კომენტარები