კონკურენციის ეროვნული სააგენტო

სასამართლომ tkt.ge-ს კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციაზე ექსკლუზივი შეუჩერა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა – შპს სადისტრიბუციო კომპანიასა  და შპს ონლაინ თიქეთსს (სამართალმემკვიდრე შპს თინეთი) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი ექსკლუზივის პირობა.

ზემოხსენებული პირობის ფარგლებში, შპს სადისტრიბუციო კომპანია შპს თინეთს, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით და იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.

შპს ელ.ბილეთების საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა – შპს სადისტრიბუციო კომპანიის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს სადისტრიბუციო კომპანიის, შპს თინეთის, სს თიბისი ბანკის და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს. 2023 წელს, უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები