კონკურენციის ეროვნული სააგენტო

კონკურენციის სააგენტო: კაფე-ბარებში ენის არცოდნის გამო ქართულად მომსახურებაზე უარს ამბობენ

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხი ეხება 11 მოვაჭრის მიერ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.

"კერძოდ, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წერილის საფუძველზე, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს  არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში  სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს".- ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კონკურენციის ეროვნული სააგენტო წერს, რომ  მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს.

"კონკურენციის ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი".- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტო თან ურთავს განაცხადის ფორმას, რომლის შევსებაც უფლებების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია:  https://gnca.gov.ge/index.php?m=401 

 

კომენტარები