ოკუპირებული ტერიტორიები

მიუღებელი და უკანონოა – ზურაბიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება. 

"ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე" - წერს ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკითხი ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები