საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს "ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო".
"როგორც ელჩებს განემარტათ, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას. ეს, ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.
შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს.
საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
28 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის გვერდზე გამოქვეყნებული ბუნდესტაგის სხდომის ჩანაწერის მიხედვით, სხდომას უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. ამასთან ერთად, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 6 მარტს ტელეგრამის გვერდზე გაავრცელა ფოტო, სადაც ანდრეი კოსტინს გერტ იან კომპანთან შეხვედრაზე დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილიც ახლავს.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ელჩი განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ "ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს".
8 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით გამოეხმაურა ქართული ოცნების კრიტიკას და დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.
11 მარტს საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის უკრაინის დელეგაციაში ყოფნაზე ორი განცხადება გაავრცელა - ერთი უკრაინის ხელისუფლების, მეორე კი - ევროკავშირის მისამართით.
საქართველოს მთავრობის შეფასებით, "დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული". მთავრობა მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, "უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".
ამასთან, საქართველოს მთავრობის შეფასებით, ევროკავშირში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა "ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია". მთავრობის აზრით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ცხრა პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საქართველის მთავრობა ირწმუნება, რომ "ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული".