სომხეთი-ევროკავშირი

სომხეთში EU-ში გაწევრიანების იდეაც განიხილება - საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თქვა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. 

ამის შესახებ მირზოიანმა თურქულ მედია RTR-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის - განუხილავთ თუ არა სამომავლოდ ევროკავშირში ან NATO-ში წევრობის იდეა სომხეთში - საპასუხოდ ისაუბრა.

"განსაკუთრებით, უკანასკნელ 3-4 წელიწადში ყველა იმ გამოწვევის ფონზე, რაც ქვეყანას ჰქონდა, ბევრი ახალი შესაძლებლობა ფართოდ განიხილება სომხეთში და არ იქნება საიდუმლო, თუ ვიტყვი, რომ [განიხილება] იდეაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ პროცესს გავდივართ, რომლის დასასრულსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს". - თქვა მირზოიანმა.


29 თებერვალს, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ რუსეთი მათ უსაფრთხოების თვალსაზრისით არ ეხმარება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე უნდა დაფიქრდნენ.

რუსეთსა და სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ერევანი ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გამყარებას ცდილობს. 

მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანამ ОДКБ-ში მონაწილეობა შეაჩერა.

კომენტარები