თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

CCS-ის განცხადება მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციაა - ფოტოგრაფიის მუზეუმი

წიგნის, ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში, ვიზუალი
Facebook/Creative Collective Spectrum

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი განცხადებით გამოეხმაურა შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის ინფორმაციას, რომ მუზეუმმა ქვიარ თემატიკაზე წიგნის პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე მათ უარი უთხრა.

ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი წერს, რომ შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების უზრუნველყოფას და სწორედ ამიტომ, ისინი ღონისძიებას ვერ უმასპინძლებდნენ.

ამასთან ერთად, მუზეუმი CCS-ის განცხადებას მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციას უწოდებს.

"წიგნის "ცის ფერი" პრეზენტაციასთან საჯაროდ გავრცელებული ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ, წიგნის საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაციის დღეს მუზეუმში უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხი დააყენა. რისი უზრუნველყოფის რესურსიც ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმს არ აქვს. მუზეუმი სამშენებლო ბლოკში მდებარეობს, სადაც ამჟამად მძიმე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს მასშტაბი შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების იმ ზომების უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლო რესკებისგან და აგრესიულად განწყობილი ჯგუფებისგან დაიცავდა პუბლიკას. ამის შესახებ მუზეუმმა საინიციატივო ჯგუფს ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე აცნობა და განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მუზეუმი ვერ უმასპინძლებდა ღონისძიებას და ვერცერთ ვიზიტორს ვერ დააყენებდა თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. მითუმეტეს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე რადიკალური ჯგუფების მიერ გამოხატული აგრესიის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მათ შორის, ტრაგიკული დასასრულით.

მუზეუმი, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი პლატფორმა, არსებობის პირველი დღიდან გამძაფრებული პასუხისმგებლობით ახორციელებს ყველა თავის პროექტს, რომელთა უმეტესობაც, სწორედ განსხვავებული ჯგუფების გაძლიერების, საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისკენ არის მიმართული, სადაც ჩვენი დიდი თემის და აუდიტორიის თითოეული წევრის უსაფრთხოება პრიორიტეტია.

წიგნის "ცის ფერი" საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება არსებული მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციაა, რითაც საერთო საქმე მხოლოდ ზარალდება. მუზეუმი ეპატაჟის გარეშე გააგრძელებს თავის საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად განსხვავებული ჯგუფების ინტერესებს დაიცავს". - წერს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი.

5 მარტს განცხადება გაავრცელა სასტუმრო სტამბამაც, სადაც ისინი წერენ, რომ მუზეუმმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო და აჭარა ჯგუფთან ღონისძიებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა. ამასთან, სასტუმრომ წიგნის პრეზენტაციისთვის CCS-ს არტარეას სივრცე შესთავაზა.

კომენტარები