თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

Stamba ქვიარ წიგნის პრეზენტაციაზე: CCS-ს ვთავაზობთ სივრცეს არტარეას ტერიტორიაზე

წიგნის, ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში, ვიზუალი
Facebook/Creative Collective Spectrum

სასტუმრო სტამბა ეხმაურება შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის (Creative Collective Spectrum) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სასტუმროს შენობაში მდებარე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა მათ ქვიარ თემატიკაზე გამოცემული წიგნის, ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში, პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე უარი უთხრა.

სტამბას თქმით, მუზეუმმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო და აჭარა ჯგუფთან ღონისძიებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა. ამასთან, სასტუმრო წიგნის პრეზენტაციისთვის CCS-ს არტარეას სივრცეს სთავაზობს.

"სტამბაში მდებარე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მუზეუმი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე.

აჭარა ჯგუფთან აღნიშნულ ღონისძიებაზე კომუნიკაცია აქამდე არ მომხდარა და ვინაიდან ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი ვერ ახერხებს ღონისძიების თავის სივრცეში ჩატარებას, Creative Collective Spectrum-ს ვთავაზობთ აჭარა ჯგუფის სახელოვნებო სივრცეს არტარეას ტერიტორიაზე. გვინდა, აღვნიშნოთ ჩვენი კომპანია მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სახელოვნებო კულტურის განვითარებაში". - წერს სასტუმრო სტამბა Facebook-ზე.

გუშინ, 4 მარტს შემოქმედებითმა გაერთიანება სპექტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ქვიარ თემატიკაზე შექმნილი წიგნის 6 მარტს დაგეგმილი პრეზენტაცია ჩაიშალა. CCS-ის თქმით, რამდენიმე დღის წინ მათ მუზეუმის ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ შენობის "სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო" პრეზენტაცია იქ ვეღარ გაიმართებოდა და ღონისძიების ადგილის შეცვლა მოითხოვა.

სპექტრი ღონისძიების ჩაშლაში სასტუმრო სტამბასაც ადანაშაულებდა და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ხელისუფლების მიერ დაანონსებულ, "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდებოდა.

კომენტარები