თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

CCS: ფოტოგრაფიის მუზეუმმა ქვიარ თემატიკაზე წიგნის პრეზენტაციისთვის სივრცე არ დაგვითმო

შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის (Creative Collective Spectrum) ცნობით, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა მათ ქვიარ თემატიკაზე წიგნის, “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე უარი უთხრა.

სპექტრის განცხადებით, წიგნის პრეზენტაცია მუზეუმში 6 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა, მათივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ მუზეუმის ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ შენობის “სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” პრეზენტაცია იქ ვეღარ გაიმართებოდა და ღონისძიების ადგილის შეცვლა მოითხოვა.

იხილეთ სრული განცხადება:

"წიგნის ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში პრეზენტაცია 6 მარტს, სასტუმრო სტამბას შენობაში განთავსებულ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში უნდა გამართულიყო, თუმცა,  არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაგეგმილ ღონისძიებაზე აბსურდული მიზეზებით უარი გვეთქვა.

გამოცემა, რომელზე მუშაობაც თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, XX-XXI საუკუნის ქართულ ხელოვნებაში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს და ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს, ე.წ “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ კანონის განხილვა დაიწყოს. აღნიშნული კანონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ყველაზე მკაცრად რუსეთში, სადაც მისი ინიციირება რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომელმაც გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმას ძირი გამოუთხარა, ჩაახშო ყველა კრიტიკული ხმა, რომლის შედეგებსაც დღევანდელი რუსეთის სახით ვხედავთ.

საქართველოში ამ კანონის შესახებ საუბრები გასული წლის მარტის მოვლენების შემდეგ დაიწყო, თუმცა, წიგნის პრეზენტაციის დაანონსებიდან მალევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური პოლიტიკური ჯგუფები და სამთავრობო მედიები, რომლებიც ჯერ არგამოსულ წიგნს “აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის” მაგალითად ნათლავენ, რაც, არა მხოლოდ პოპულისტური სიცრუეა, არამედ, წიგნში მოყვანილი არტისტების, მათი ნამუშევრებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა. ასეთი კანონის პირობებში, ქართული მხატვრობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშების შექმნაც კი შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ყველაზე საამაყო ქართველ არტისტებს, საბჭოთა რუსული ხელისუფლება თავის დროზეც სწორედ ჰომოფობიური კანონმდებლობით ებრძოდა.

ამ მოვლენების ფონზე, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციის მასპინძელი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე დაგვიკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ 6 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, შეუძლებელი იქნებოდა შენობის “სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” და კატეგორიულად მოითხოვა ღონისძიების ლოკაციის შეცვლა. აღნიშნული მიზეზი არა მხოლოდ დაუჯერებელ სიყალბედ მიგვაჩნია, არამედ, არის საგანგაშო სიგნალი, რაც ცალსახად გვანიშნებს, რომ წინააღმდეგობისა და გამბედაობის ნაცვლად, რაც ასეთ დროს თავისუფალ სახელოვნებო ინსტიტუციას ყველაზე მეტად მოეთხოვება, სამწუხაროდ, ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი ყველა იმ იდეალის ღალატის ტოლფასია, რომელსაც წიგნში მოხმობილი არტისტები ატარებენ და ამაზე ხელის მოწერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მსოფლიოს ხელოვნების ისტორიას არაერთი გამოწვევა და დაპირისპირება ახსოვს ჰეგემონურ დღის წესრიგთან და სისტემასთან, რომელიც ყოველთვის ცდილობდა საკუთარი მარწუხების ქვეშ მოექცია თავისუფალი აზროვნების ყველა სივრცე და წარმომადგენელი. და ამასთან ერთად, გვახსოვს, რომ ნამდვილი და ხელშესახები, სასიკეთო ცვლილებები სწორედ ასეთ დღის წესრიგთან უკომპრომისო წინააღმდეგობით, სახელოვნებო ინსტიტუციებისა და ინდივიდების გამბედავი გადაწყვეტილებებისა და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების დაცვის შემდეგ დგებოდა.

არა მხოლოდ ვგმობთ, არამედ, დარწმუნებული ვართ, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მათ შორის სახელოვნებო ისტორიაში, სამუდამოდ ჩაიწერება ყველა იმ ინდივიდის, ინსტიტუციის, სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ჯგუფის სახელები, რომლებიც ასეთ გადამწყვეტ მომენტში, გვერდში დგომის ნაცვლად, ზურგს აქცევენ საფრთხის წინაშე მყოფ თავისუფალი თვითგამოხატვის მქონე შემოქმედებით ჯგუფებს, ქვიარ ადამიანებს და პირველ რიგში, ყველა იმ არტისტს, რომლებიც წიგნშია მოხსენიებული.

მიგვაჩნია, რომ არც აჭარა ჯგუფს და არც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმს აღარ აქვთ უფლება, საზოგადოებას შემოქმედებით თავისუფლებაზე ელაპარაკონ და უსაფრთხო სივრცის სახელით პოზიციონირებდნენ. ჰომოფობიური ცენზურის ამოქმედებამდეც კი ცენზურის ქვეშ მოყოლილი სივრცე ვერ იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ღირებული სასიკეთო ცვლილებების შთამაგონებელი ადგილი.

ამიტომაც, სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ საჯარო სახელოვნებო ინსტიტუციებს მოგმართოთ თხოვნით, გვერდში დაგვიდგეთ და წიგნის პრეზენტაციისთვის სივრცე დაგვითმოთ, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ სახელოვნებო სივრცეში გაიმართოს.

მადლობას ვუხდით წიგნის ავტორებს, შემოქმედებით ჯგუფს, არტისტებსა და თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც ამ წიგნის შექმნის და მისი საზოგადოებამდე მიტანის პროცესში თავისუფლების, გამბედაობის, სოლიდარობისა და პრინციპების ერთგულების ღირსეული მაგალითი გვაჩვენეს. ჩვენს წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დაძლევაც მხოლოდ ასეთი მაგალითებით იქნება შესაძლებელი.

სპექტრის ცნობით, გამოცემა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს.

"როგორ ვლინდება გენდერული ფლუიდურობა და როგორია ქვიარ ნაკვალევი ხელოვნებაში, როგორ არის მანიფესტირებული ის სხვადასხვა დეკადაში და სხვადასხვა მედიუმში - გრაფიკა, ფერწერა, ფოტო, პერფორმანსი, ვიდეო თუ სხვა ვიზუალური პრაქტიკა. ავანგარდული ხელოვნებიდან დღემდე, განსხვავებული პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული გარემოს და გამოწვევების პირობებში შექმნილი ნამუშევრების შესახებ სპეციალურად ამ კრებულისთვის დაწერილი მნიშვნელოვანი ავტორების ტექსტების მეშვეობით, წიგნი აერთიანებს ქვიარ ისტორიის ფრაგმენტებს - ვიზუალურ ამბებს ქვიარ გამოცდილებაზე, სქესსა და სექსუალობაზე, სხეულებსა და იდენტობებზე, სიყვარულსა და სურვილებზე, შიშებსა და ტკივილზე, თავისუფლებაზე და კავშირზე, რომელიც დროსთან ერთად იცვლებოდა.

კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს". - წერია წიგნის პრეზენტაციის ანონსში.

სპექტრის განცხადებით, პროექტი ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ნორვეგიის საელჩოების, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები