რუსეთი

ინგუშეთში მოკლულია 6 შეიარაღებული, გამოცხადდა კონტრტერორისტული რეჟიმი

Dmitry Rogulin/TASS

3 მარტს ღამით, ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაქში სპეციალური ოპერაციის ფარგლებში 6 შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც "ტერორისტული დანაშაულის ჩადენას განიზრახავდნენ". ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იყო გამოცხადებული.

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო გამოცემა ТАСС-ს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მიაწოდა. 

კომიტეტის თანახმად, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში შეაჩერეს "ბანდიტების ჯგუფი, რომლებიც რეზონანსული ტერორისტული დანაშაულის ჩადენას განიზრახავდნენ". მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციას განეკუთვნებოდნენ.

როგორც კომიტეტი იუწყება, ნეიტრალიზებულ ტერორისტებს უკვე ჩადენილ ტერაქტებთან ჰქონდათ კავშირი. საცხოვრებელ სახლში მყოფთა შორის სამი პირი ძებნაში იმყოფებოდა, ერთ-ერთი კი 2023 წელს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის იძებნებოდა. 

ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დაკავების მცდელობისას ტერორისტებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლი გახსნეს. ოპერაცია ექვსივე პირის სიკვდილით დასრულდა. 

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ადგილობრივი დროით პირველ საათზე შეჩერდა. 

კომენტარები