ღაზის სექტორი

ბაიდენი: აშშ ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას თვითმფრინავებით მიაწვდის

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უახლოეს დღეებში ამერიკელი სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას თვითმფრინავებით მიაწვდიან. ამის შესახებ ბაიდენმა იტალიის პრემიერთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას ისაუბრა.

ამასთან, ბაიდენი გამოეხმაურა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ "ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენას", რომელსაც 104 ადამიანი ემსხვერპლა.

"სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ, თავიანთი ოჯახების გამოკვება და თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ აშშ-ში და უფრო მეტს გავაკეთებთ. უახლოეს დღეებში ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში". - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებმა მეტი დახმარება მიიღონ.


ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება ჭყლეტა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, რასაც 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორში ჩამოგდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას და დატვირთულ სატვირთოებს ერთობლივად ათასობით ადამიანი მიაწყდა.

ისრაელის მხარის ცნობით, სამხედროებმა იარაღი გაფრთხილების და ბრბოს დაშლის მიზნით რამდენჯერმე ისროლეს. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჯარისკაცების და მათი გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიოდნენ და საფრთხეს წარმოადგენდნენ. 

კომენტარები