ისრაელში, ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის დანაყოფებსა და დოგმუშის ადგილობრივი საგვარეულოს შეიარაღებულ წევრებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემა BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის ტერორისტებმა და საგვარეულოს მებრძოლებმა ღაზაში ყოფილი საავადმყოფოს მახლობლად ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
"ამჯერად ხალხი ისრაელის იერიშებს არ გაურბოდა, საკუთარ ხალხს გაურბოდა". - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოცემასთან საუბრისას.
BBC ჰამასის მიერ მართული შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაპირისპირების შედეგად ჰამასის წევრი 8 ტერორისტი მოკვდა.
ამასთან, გამოცემა ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეტაკებების შედეგად დოგმუშის საგვარეულოდან 19 პირი და ჰამასის 8 ტერორისტი მოკვდა.
ჰამასის მტკიცებით, დოგმუშის საგვარეულოზე იერიში მიიტანეს, რადგან მათი მებრძოლები მანამდე ტერორისტულ დაჯგუფებას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 ტერორისტი მოკვდა, 5 კი დაშავდა.
თუმცა, დოგმუშის საგვარეულოდან ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ჰამასი ოჯახს ყოფილი საავადმყოფოს შენობის დატოვებას აიძულებდა, რათა იქ საკუთარი ბაზა აეშენებინა.
ცნობისთვის, დოგმუშის საგვარეულო ღაზაში ერთ-ერთი მსხვილი საგვარეულოა, რომელსაც ჰამასთან აქამდე დაპირისპირებები ჰქონია.
მანამდე, 10 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაასრულა ღაზის სექტორში სამშვიდობო გეგმით შეთანხმებულ ხაზამდე სამხედრო ნაწილების გამოყვანა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად შევიდა ძალაში და დაიწყო 72-საათიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლები უნდა გაათავისუფლოს.
სამხედრო ძალების გამოყვანა ისრაელის მხრიდან ღაზის გარკვეულ ნაწილებში საარტილერიო დაბომბვისა და საჰაერო იერიშების ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე ჰამასის სნაიპერმა IDF-ის რეზერვისტი მოკლა. შეთანხმებულ ხაზამდე ჯარების გამოყვანის შემდეგ, ისრაელის კონტროლქვეშ კვლავ რჩება ღაზის სექტორის 58%.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან 72 საათის განმავლობაში ჰამასი შეთანხმებისამებრ ვალდებულია, ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისუფლოს და ისრაელს ყველა გარდაცვლილი მძევლის ცხედარი გადასცეს, რომელზეც ხელი მიუწვდება. შესაბამისად, ჰამასს ვადა 13 ოქტომბრის შუადღემდე აქვს.





