რუსეთი-საქართველო

THE INSIDER: რუსეთიდან გამოქცეული პირი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს

The Insider

რუსული ჟურსნალისტური საგამოძიებო გამოცემის, The Insider-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქე ილკინ მელიკოვს, რუსეთის უშიშროების ძალებმა სცემეს, მან საქართველოს შეაფარა თავი. მედიის ცნობითვე, მელიკოვი თბილისიდან გაიტაცეს, რუსეთში იძულებით დააბრუნეს და დააკავეს.

მელოკოვმა The Insider-ს უთხრა, რომ 2022 წლის აპრილში თბილისის ცენტრში სამოქალაქო ფორმიანმა კაცებმა გაიტაცეს, შემდეგ კი იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, თითქოს საზღვარი ნებაყოფლობით გადაკვეთა. ახლა მელოკოვი ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

2019 წლის სექტემბერში მელიკოვი ნიჟნევარტოვსკში დააკავეს და მოწმის სახით დაკითხეს. რუსულ მედია Вот Так-თან გაგზავნილ წერილში ილკინ მელიკოვი წერდა, რომ პოლიციამ სცემა და ნარკოტიკების "ჩადებით" დაემუქრა, მაგრამ, საბოლოოდ, გაათავისუფლეს.

მედიის ინფორმაციით, მანქანაში მიყენებული ზიანის შემდეგ მელიკოვი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კიდევ სცემეს, ასევე, ადგილი ჰქონდა მასზე მორალურ ზეწოლასაც. დაკავებისა და ცემის შემდეგ მელიკოვმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, თუმცა უარი მიიღო უშიშროების ძალების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

2019 წლის ნოემბერში, რუსეთში მელიკოვის წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით საქმე აღიძრა. მელიკოვი კი ძებნილთა სიაში აღმოჩნდა. რუსმა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მისი სახლი ნიჟნევარტოვსკში, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

The Insider-ის მტკიცებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ რუსეთის უშიშროების ძალებს აქტივისტები და ბრალდებულები გადასცა. 2023 წლის ნოემბერში საქართველოში გაუჩინარდა მოძრაობა Артподготовка-ს წევრი რაფაილ შეპელევი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის რუსეთში იმყოფებოდა და ბრალი ტერორიზმში ედებოდა.

ტაბულა დაუკავშირდა შსს-ს და საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

კომენტარები