ალექსეი ნავალნის სიკვდილი

Z-აქტივისტები: ნავალნის მემორიალიდან ყვავილებს "სპეცოპერაციის" მემორიალთან გადავიტანთ

Befunky

მოსკოველი Z-აქტივისტების თქმით სოლოვეცკის ქვის მემორიალთან, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიტანილ ყვავილებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" დაღუპულთა მემორიალთან გადაიტანენ. ინფორმაციას რუსი სამხედრო ბლოგერი და ომის მხარდამჭერი ნატალია ხიმი ავრცელებს.

"რა თქმა უნდა ვიცით, რომ ის დაიღუპა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვგლოვობთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ (სოლოვეცკის ქვასთან) ყვავილების ადგილი არ არის. ამიერიდან ყველა იქ მიტანილ ყვავილს გადავიტანთ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირების" მემორიალთან". – წერს ხიმი.

ხიმი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადააქვს ნიღბიან აქტივისტს სოლოვეცკის ქვიდან "სამხედრო ოპერაციის" მემორიალთან ყვავილები.

"ჩვენ პატივს ვცემთ სხვის ფულს, რომელიც ყვავილების შესაძენად დაიხარჯა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში არიან ნამდვილი გმირები, რომლებიც ამ ყვავილებს იმსახურებენ". – წერს ხიმი.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან დღემდე, მოსკოვში მოქალაქეებს სოლოვეცკის ქვასთან ყვავილები მიაქვთ. სოლოვეცკის ქვა საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული პოლიტპატიმრების ხსოვნას ეძღვნება.

კომენტარები