რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლაიენი: დროა, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის გამოვიყენოთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი
The Guardian

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.

"დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად... ვერ იქნება უფრო ძლიერი სიმბოლო და ვერ გამოვიყენებთ ამ ფულს უფრო დიდი მიზნებისთვის, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაა". - თქვა ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და მოუწოდა ევროკავშირს, თავდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მეტი გააკეთოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის საფრთხე ევროკავშირისთვის "შეიძლება არ იყოს გარდაუვალი, მაგრამ არც შეუძლებელია".

"ომის რისკები არ უნდა იყოს გადაჭარბებული, მაგრამ ამ რისკებისთვის უნდა მოვემზადოთ და ეს იწყება წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების აღდგენის, შევსების, მოდერნიზაციის გადაუდებელი აუცილებლობით". - თქვა ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის აუცილებლობაზე გასული წლის ოქტომბერშიც ისაუბრა. მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ "ჩვენ წარმოვადგენთ შემოთავაზებას, რომ გამოვნახოთ გზა, როგორ გამოვიყენოთ შემოსავლები იმ აქტივებიდან, რომლებიც ამჟამად ევროკავშირში შეზღუდული რაოდენობის ფინანსური ინსტიტუტებისგან სარგებელს იღებენ".

ევროკავშირმა რუსეთის აქტივები 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში გაყინა.

კომენტარები