ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში პირს ყურანის დაწვისთვის პატიმრობა მიესაჯა, მანამდე მას კადიროვის შვილმა სცემა

ნიკიტა ჟურაველი
Sota

გროზნოს სასამართლომ ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

19 წლის ჟურაველი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და ხულიგნობაში დამნაშავედ ცნეს. ბრალდებულს სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუწევს.

2023 წლის მაისში დაღესტნურ Telegram არხებზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ წვავს ვოლგოგრადის მეჩეთთან ახალგაზრდა კაცი ყურანს. გამოძიებამ მალევე დააკავა ნიკიტა ჟურაველი. სამთავრობო მედიის ინფორმაციით ჟურაველს ყურანის დაწვა "უკრაინის სპეცსამსახურებმა" აიძულეს.

მოგვიანებით დაკავებული ჩეჩნეთში გადაიყვანეს. აგვისტოში რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჟურაველს კადიროვის 15 წლის შვილი ადამი.

16 აგვისტოს რუსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ თქვა, რომ ჟურავიელი ჩიოდა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

ოქტომბერში ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურაველი ისლამის მიღების სურვილს გამოთქვამს.

კომენტარები