ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

Globes: ჰუსიტებმა წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე მიიტანეს იერიში

gulfif.org

ჰუსიტებმა წითელ ზღვაში წყალქვეშა ოთხ საკომუნიკაციო კაბელზე მიიტანეს იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, მიზანში ამოღებული საკომუნიკაციო კაბელები საუდის არაბეთს და ჯიბუტს შორის გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო სააგენტო Globes-ი ავრცელებს

Globes-ის ანგარიშის მიხედვით, დაზიანებული კაბელები ეკუთვნის კომპანიებს: AAE-1, Seacom, EIG და TGN. როგორც ანგარიშშია ახსნილი, ამ დაზიანებამ შესაძლოა სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს ევროპის და აზიის ინტერნეტის ქსელებში, თუმცა ყველაზე დიდ დარტყმას სპარსეთის ყურის ქვეყნები და ინდოეთი მიიღებენ. 

როგორც ცნობილია, ამავე რეგიონში გამავალი კონტინენტთაშორისი სხვა საკომუნიკაციო კაბელები არ დაზიანებულა, რის გამოც მოსალოდნელი ზიანი კრიტიკული არ იქნება. კომპანიებმა დაზიანებული კაბელების აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყეს, რასაც დაახლოებით 8 კვირა დასჭირდება. 

ჯიბუტის მონაცემების ცენტრმა ასევე დაადასტურა, რომ მათ ქსელში სერიოზული შეფერხება დაფიქსირდა. 

კომენტარები