რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს - მაკრონმა ევროპელ ლიდერებს კიევის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში ევროპელ ლიდერებს მიმართავს, 2024 წლის 26 თებერვალი
Gonzalo Fuentes/Pool via AP

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთის უფრო ხისტი თავდასხმების ფონზე, მათ უნდა უზრუნველყონ კოლექტიური უსაფრთხოება უკრაინის მხარდაჭერით.

"ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ვართ, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის... რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი... განსაკუთრებით ბოლო თვეებში ვნახეთ, რომ რუსეთი უფრო ხისტი გახდა. ასევე ვიცით, რომ რუსეთი ახალ თავდასხმებს ამზადებს, განსაკუთრებით უკრაინაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის". - თქვა მაკრონმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, ერთიანობის საჩვენებლად, პარიზში ევროპის 20 სახელმწიფოს ლიდერებსა და სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებს უმასპინძლა. ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი ნუდა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებიც.

შეხვედრის დროს მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების განმტკიცება, რათა ევროპის ქვეყნებმა მომავალში რუსეთის ნებისმიერი თავდასხმა თავიდან აიცილონ.

პარიზში შეკრებილებს ვიდეოთი მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და მოუწოდა მათ, დარწმუნდნენ, რომ "პუტინი ვერ გაანადგურებს ჩვენს მიღწევებს და სხვა ქვეყნებზე აგრესიას ვერ გააფართოებს".

პარიზში გამართულ შეხვედრაზე ევროპაში მისი უმაღლესი დიპლომატით, ჯეიმს ო'ბრაიანით წარმოდგენილი იყო აშშ-ც. გაერთიანებული სამეფოდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინასთან 10-წლიან ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მანამ, სანამ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება. მსგავსი შეთანხმება 24 თებერვალს უკრაინასთან კანადამ და იტალიამაც დადეს.

კომენტარები