რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7 პირობას დებს, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ

G7-ის ლიდერები ჰიროშიმაში გამართულ სამიტზე, 2023 წლის 19 მაისი
Stefan Rousseau - WPA Pool/Getty Images

24 თებერვალს გამართული G7-ის ონლაინ სამიტის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები პირობას დებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ და ამ სანქციების თავის არიდების მექანიზმის კონტროლსაც გააუმჯობესებენ.

G7-ის ლიდერები ასევე პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ რუსეთისთვის იმ შემოსავლების შეზღუდვას, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში ომის საწარმოებლად დაეხმარება. ასევე, ომის დასრულებამდე გააგრძელებენ რუსული აქტივების დაბლოკვას.

"დავაწესებთ დამატებით სანქციებს მესამე ქვეყნებში არსებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთს იარაღის ან იარაღის ძირითადი ნაწილების შეძენაში ეხმარებიან. ასევე დავაწესებთ სანქციებს მათზე, ვინც ეხმარება რუსეთს ხელსაწყოებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენაში, რაც ხელს უწყობს რუსული იარაღის წარმოებას ან სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას". - ნათქვამია გავრცელებულ ტექსტში.

განცხადებაში კონკრეტულად არის ნახსენები ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც გაეროს სანქციების დარღვევით რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. ასევე, ირანი და ჩინეთი, რომელთა კომპანიებმა მოსკოვს ორმაგი დანიშნულების საქონელი მიჰყიდეს.

G7-ის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს თავიანთ იურისდიქციებში გაყინულს შეინარჩუნებენ.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "არ არის სწორი თავად რუსეთმა გადაწყვიტოს გადაიხდის თუ არა, ან როდის გადაიხდის საფასურს უკრაინაში გამოწვეული ზარალისთვის".

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით და უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატად იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერმინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ.

კომენტარები