ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ორბანი ნავალნიზე: შოვინისტებს, რომლებიც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდნენ, პატივს არ მივაგებთ

ვიქტორ ორბანი/ალექსეი ნავალნი
BeFunky

26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტში შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ოპოზიციური მწვანეთა პარტია დიალოგის კანონმდებელი გამოვიდა ინიციატივით, პატივი მიეგოთ რუსეთის ციხეში მოკლული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის, რასაც უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი და მმართველი პარტიის სხვა წევრები დაუპირისპირდნენ.

"შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და მათ, ვინც ქართველებს საქართველო-რუსეთის ომის დროს მღრღნელებს უწოდებდა, პატივს არ მივაგებთ... სხვა მხრივ, მშვიდად განისვენოს". - თქვა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა "სამთავრობო პარტიულ ჯგუფებს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სიმშვიდის შენარჩუნებისთვის".

2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის დროს ალექსეი ნავალნიმ მხარი დაუჭირა რუსული არმიის მოქმედებებს და მათ თბილისის აღებისკენ მოუწოდა. ნავალნიმ შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენია ქართველებიც, რის შემდეგაც ამის თაობაზე ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ამბობდა, რომ გენერალურად მისი პოზიციები კონფლიქტთან დაკავშირებით უცვლელად რჩებოდა.

მოგვიანებით, 2021 წელს, ნავალნის თანაგუნდელმა, ვლადიმირ მილოვმა ამერიკის ხმის ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ნავალნის პოზიციები მნიშვნელოვნად შეიცვალა და რომ ის მხარს უჭერს საზღვრების ურღვეობის პრინციპს.

"როცა 2008 წელს საქართველოში ომი მოხდა მე და ის ღიად ვკამათობდით ამ საკითხზე, ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამ საკითხზე ძალზე შეიცვალა, ის ეთანხმება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფო საზღვრების გადახედვა მიუღებელია, ეს მისი პრინციპული პოზიციაა". - თქვა მილოვმა.

2023 წელს ნავალნიმ ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა.

"ქართულ პოლიტიკაში კარგად არ ვერკვევი და შესაძლოა რამე არასწორად ვთქვა. ჩემდა სამარცხვინოდ, 2008 წელს, ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე, იმ ფაქტის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი იბომბებოდა ცხინვალში. მე ამისთვის ბოდიში მოვიხადე და ახლაც კიდევ ერთხელ ვიხდი. მაგრამ, მე ვიცი, რომ ამის გამო, ჩემს მოსაზრებას საქართველოში წონა არ აქვს". - დაწერა მაშინ პატიმრობაში მყოფმა ნავალნიმ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი ცხედარი გადასცეს დედას, რომელსაც შვილის სხეულსრამდენიმე დღე არ აჩვენებდნენ.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები