რუსეთი

ნავალნის თანაგუნდელი მილოვი: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოდ განვიხილავთ

რუსი ოპოზიციონერი და ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი, ვლადიმირ მილოვი ამერიკის ხმის ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ნავალნის პოზიციები აგვისტოს ომთან დაკავშირებით შეიცვალა. 

2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის დროს ალექსეი ნავალნიმ მხარი დაუჭირა რუსული არმიის მოქმედებებს და მათ თბილისის აღებისკენ მოუწოდა. ნავალნიმ შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენია ქართველებიც, რის შემდეგაც ამის თაობაზე ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ამბობდა, რომ გენერალურად მისი პოზიციები კონფლიქტთან დაკავშირებით უცვლელად რჩებოდა. 

ვლადიმერ მილოვის თქმით, მას შემდეგ ნავალნის პოზიციები მნიშვნელოვნად შეიცვალა და რომ ის მხარს უჭერს საზღვრების ურღვევობის პრინციპს. "როცა 2008 წელს საქართველოში ომი მოხდა მე და ის ღიად ვკამათობდით ამ საკითხზე, ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამ საკითხზე ძალზე შეიცვალა, ის ეთანხმება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფო საზღვრების გადახედვა მიუღებელია, ეს მისი პრინციპული პოზიციაა". - ამბობს მილოვი. 

ამასთანავე, მილოვის თქმით, ომის პერიოდში არსებობდა განსხვავებული კონტექსტი, რომელმაც გავლენა მოახდინა მათ შორის ნავალნის პოზიციაზეც და ამ თემაზე საუბრის დროს საჭიროა ამ კონტექსტის მოხმობაც. 

"2012 წელს მიხეილ სააკაშვილს არჩევნები შემთხვევით არ წაუგია, საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს. 2008 წელს Freedom House-მა საქართველოს შეამცირა, იმიტომ, რომ იზღუდებოდა ოპოზიცია, ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხვდი მაშინ განიხილებოდა ძალადობრივი სცენარები პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვეწონა, ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ძალადობრივ სცენარებს ამიტომ აქ ვითარება უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში, თუმცა, რა თქმა უნდა, ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც გმობდა და დღესაც გმობს."

ვლადიმირ მილოვის თქმით, ნავალნის გუნდი აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც საქართველოდ აღიქვამს. "არავინ არ ხდის საეჭვოდ საზღვრების ურღვევობის პრინციპს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ აფხაზეთი განხილული უნდა იყოს, როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც". - თქვა მილოვმა. 

ვლადიმერ მილოვი, ოპოზიციაშია 2000-იანი წლებიდან. მილოვი იყო მოსკოვში მოკლული ბორის ნემცოვის თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში აქვეყნებდა დასკვნებს პუტინისა და მისი გარემოცვის კორუფციული გარიგებების შესახებ. ბოლო წლებში ვლადიმირ მილოვი ალექსეი ნავალნის შტაბის წევრია.

კომენტარები