კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

ოცნების კანონპროექტით, თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა აღარ მოუწევთ

ქართული ოცნების დეპუტატები პლენარულ სხდომაზე, 8 თებერვალი
ქართული ოცნება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება.

"უქმდება ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი მოადგილის, პირველი მოადგილის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან". - წერია კანონპროექტში.

ასევე, კანონპროექტით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტია ექნება და მას დაკავების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და ჩხრეკისგან იმუნიტეტი დაიცავს - მისი შეჩერება კი მხოლოდ პარლამენტს შეეძლება.

გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები ვიწროვდება. აგრეთვე, ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებამოსილება ენიჭება ე.წ. სპეციალური ადმინისტრაციული წარმოება განახორციელოს, რაც ისეთ ღონისძიებებს მოიცავს, როგორებიცაა: პირის გამოკითხვა, ადამიანის მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვა, საჯარო დაწესებულებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში ამ ხარვეზზე მიუთითებს და მისი აღმოფხვრისთვის 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას კი ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელი იქნება.

კომენტარები