უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, ხოლო აუცილებლად გაწევრიანდება ალიანსში.
"2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, რომელიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა ან დაიჭრა". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში უკრაინა არ დაცემულა, როგორც "ამას ბევრი შიშობდა".
"თქვენ დაიბრუნეთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევარი. უკან დაიბრუნეთ რუსეთი შავი ზღვის დიდი ნაწილი და დიდი ზარალი მიაყენეთ რუს ჯარებს" - თქვა მან.
პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ NATO-ს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება. მაგრამ მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვემზადებით ამ დღისთვის. NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის". - დაამატა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინისთვის განკუთვნილი მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების ახალი სამხედრო პაკეტების გადაცემის შესახებ გამოაცხადეს. სამხედრო დახმარება, სტოლტენბერგის თქმით, მათ შორის, მოიცავს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს და დრონებს.