კანაფის ლეგალიზაცია

გერმანიის პარლამენტმა კანაფის რეკრეაციული მიზნით გამოყენების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

Cannabis plant. File pic

გერმანიის პარლამენტმა კანაფის რეკრეაციული მიზნით გამოყენების შესახებ ახალ კანონს მხარი დაუჭირა. ბუნდესტაგში კანონი 407 ხმით 226-ის წინააღმდეგ მიიღეს.

კანონის მიხედვით, 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ექნებათ კანაფის გარკვეული ოდენობის ფლობის უფლება, თუმცა, მკაცრი წესები იმოქმედებს ნარკოტიკის შეძენაზე.

გარდა ამისა, 1-ლი აპრილიდან გერმანიაში, ბევრ საჯარო სივრცეში კანაფის მოწევა ლეგალური გახდება. კანონის თანახმად, კანაფის მოწევა ზოგიერთ ტერიტორიაზე, მაგალითად, სკოლებთან და სპორტულ მოედნებთან, კვლავ აკრძალული იქნება.

ამასთან, საჯარო სივრცეში ნებადართული იქნება 25 გრამამდე კანაფის ფლობა, სახლებში კი ლიმიტი 50 გრამი იქნება.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი ამბობს, მას სურს, ებრძოლოს შავ ბაზარს, დაიცვას მწეველები საფრთხისშემცველი კანაფის მოხმარებისგან და შეუწყვიტოს შემოსავალი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს.

თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვით, კანაფის გაყიდვის შესაძლებლობით ისარგებლებდნენ ლიცენზირებული მაღაზიები და აფთიაქები, გაუქმდა ევროკავშირის შეშფოთების გამო, რომ ამას შეიძლება ნარკოტიკის ექსპორტის ზრდა გამოეწვია.

თუმცა, ნაცვლად ამისა, გაიზრდება არაკომერციული წევრების კლუბები, სახელად "კანაფის სოციალური კლუბები" და ისინი ნარკოტიკს შეზღუდული რაოდენობით გაავრცელებენ. თითოეულ კლუბის ზედა ზღვარი 500 წევრი იქნება, დაუშვებელი იქნება ადგილზე კანაფის მოხმარება, ხოლო მისი წევრობა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები. ამის პარალელურად, შესაძლებელი იქნება კანაფის სახლში მოშენება - ერთ ოჯახზე 3 მცენარის ლიმიტით.

მთავრობის განცხადებით, სურთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეაფასონ ახალი კანონის გავლენა და საბოლოოდ დანერგონ კანაფის ლიცენზირებული გაყიდვა.

კომენტარები