კანაფის ლეგალიზაცია

ტაილანდში კანაფის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს, რეკრაციული მოხმარება კვლავ აკრძალული რჩება

ტაილანდში მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს. შედეგად, დღეიდან მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და მოსავლით ვაჭრობის უფლება აქვთ, თუმცა, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება კვლავ აკრძალული რჩება.

ამ გადაწყვეტილებით ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქვეყანა გადგა, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა, ნარკოტიკების მიმართ უმკაცრესი კანონმდებლობით ცნობილ რეგიონში.

როგორც რეფორმის მომხრეები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული მოხმარება კვლავ აკრძალული რჩება, კანონმდებლობის შემსუბუქება ფაქტობრივად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოახდენს.

ტაილანდის მთავრობა კი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი კანაფით ვაჭრობა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ხელისუფლება მოქალაქეებს მცენარის მოყვანის წახალისების მიზნით 1 მილიონ კანაფის თესლს უფასოდ დაურიგებს.

"ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, მიიღონ შემოსავალი მარიხუანასა და კანაფიდან". - თქვა ქვეყნის ვიცეპრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა.

9 ივნისიდან, მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და სამედიცინო კანაფის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების უფლება მიენიჭებათ. კანაფის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის კი მათ დამატებითი ლიცენზიის აღება დასჭირდებათ.

მოქალაქეს მაქსიმუმ 6 ძირი კანაფის მცენარის მოყვანის უფლება ექნება, ნებართვის შემთხვევაში კი მცენარის მოშენებას კომპანიებიც შეძლებენ.

კომენტარები